ქართული კერამიკის ისტორია

მეთუნეობა საქართველოში ოდითგანვეა გავრცელებული. მისი განვითარების ისტორია ათასწლეულებს ითვლის. ამის დასტურია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უამრავი კერამიკული ნაკეთობა, რომლებიც მუზეუმებშია დაცული და ატყვევებს მნახველს თავისი სინატიფითა და მშვენიერებით. მიუხედავად იმისა, რომ კერამიკული წარმოება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია განვითარებული, ქართული კერამიკა მაინც სხვაგვარია – იგი გამოირჩევა თავისი ორიგინალურობითა და ფერთა ჰარმონიით; ქართული ორნამენტებით დამშვენებულ ნაკეთობებს სხვა ხიბლი და სილამაზე აქვთ.

მეთუნეობა საქართველოში

საქართველოს ტერიტორიაზე არ ჩატარებულა არცერთი არქეოლოგიური გათხრა ისე, რომ იქ არ ეპოვათ კერამიკის უამრავი ექსპონატი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მეთუნეობა მთელ საქართველოში უძველესი ხანიდან ჰყვაოდა. მარტო თრიალეთის სამარხებში აღმოჩენილი კერამიკა რად ღირს – სხვადასხვა დანიშნულების, მრავალგვარი და მრავალფეროვანი თიხის ჭურჭელი – უბრალო ყოფითი ნივთებით დაწყებული და უზადოდ მოხატული სარიტუალო ჭურჭლით დამთავრებული. დიახ, ელინისტური ხანის საქართველო ტოლს არ უდებდა მაშინდელ მაღალგანვითარებულ მძლავრ იმპერიებს, კვალდაკვალ მიჰყვებოდა მათ პროგრესს და საფუძველს უყრიდა მეთუნეობის ტრადიციასა და კულტურას.

ქართული მეთუნეობის ძირითადი სახეები იყო:

ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში დაწყებული ხელობა, რომელსაც ქალები უძღვებოდნენ, ძალზე პრიმიტიული იყო. ძერწავდნენ ქალები და  ცეცხლზე გამოწვავდნენ გამზადებულ ნივთებს, ეს იყო დიდი და რთული გზა ჩარხის გამოგონებამდე, რომელმაც მნიშვნელოვნად გააიოლა შრომა და უფრო მასიური გახადა იგი. მეთუნეობა მალე მამაკაცების საქმედ იქცა და სწრაფი გავრცელება დაიწყო. ამას თუ დავუმატებთ ჩვენი ქვეყნის მუდამ საომარ მდგომარეობაში ყოფნას, მუდმივ შემოსევებსა და უამრავ ქარტეხილს შინა ცხოვრებაში, მადლობელი უნდა ვიყოთ ჩვენი წინაპრების, რომლებმაც ასე დახვეწეს და განავითარეს ეს ხელობა.

თანამედროვე კერამიკა

რა ვითარება გვაქვს დღეს? არცთუ უიმედო. არ არსებობს კუთხე საქართველოში, სადაც კერამიკას არ აკეთებენ. ჩვენს საამაყოდ უნდა ითქვას, რომ კერამიკის ჭურჭელი მზადდება ქართლსა და კახეთში, გურიასა და იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში, სამეგრელოსა და აფხაზეთში. ზოგადად ცნობილია, რომ მეთუნეობა ვითარდება იქ, სადაც არ არის მოსავლიანი მიწები, სადაც მოსახლეობას საშუალება არ აქვს, ფართომასშტაბიანი მეცხოველეობითა და მიწათმოქმედებით დაკავდეს. ეს აზრი ნამდვილად  სწორია, თუ იმერეთის ერთ კოპწია სოფელზე – შროშაზე ვილაპარაკებთ. მისი თიხნარი მიწა ნაკლებადაა სავარგულებად გამოსადეგი, მაგრამ თიხის ერთ-ერთი სახეობა, წითელ-ჭრელი აყალო, რითაც მდიდარია ამ სოფლისა და მისი მიმდებარე მიწები, ნამდვილად ქმნის იმის საშუალებას, რომ აქ  მეთუნეობა ჰყვაოდეს.

მეთუნეობა იმერეთში

შროშა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და გამრჯე, სტუმართმოყვარე, ოქროსხელება ადამიანებითაა დასახლებული. სოფლის სახელის წარმომავლობაზე აქ რითმებად გალექსილ ორ ვერსიას მოგიყვებიან: რომ აქ იყო ბევრი შროშანი: „ჩამოვიარე შროშასა, ქალი იჭერდა შროშანსა“ და რომ სოფლის მიწა იყო ადვილად შრობადი: „შროშა, შროშა, ნაწვიმარი… შუადღემდე მოშრა“. ლექსები იქით იყოს და მართლაც გაუმართლათ შროშელებს. იშვიათია სოფელი, რომლის მოსახლეობაც თავს ირჩენს ისეთი საქმით, რომელიც თან უყვართ და თან ეს საქმე ქართული ეთნოკულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აქ მიწას ეფერებიან, თიხაში ამოსვრილი ხელებით ულამაზეს ნაკეთობებს ამზადებენ და სწორედ ამიტომ, აქ დამზადებულმა კერამიკულმა ნივთებმა წითელი თიხა სოფლის სავიზიტო ბარათად აქცია.

თიხის ჭურჭლის ყიდვა

შროშაში მზადდება მრავალგვარი ქართული თიხის ჭურჭელი – ქვევრები, თონეები, კოკები, ხელადები, ჩაფები, ქოთნები, ყანწები, ფიალები, კეცები… ქართული სუვენირები, რომელსაც სიამოვნებით  იძენს აქაური თუ ჩამოსული სტუმარი და მიაქვს სამახსოვროდ. არ გეგონოთ, რომ ყველა ერთნაირად ამზადებს ამ ნაკეთობებს, არა და არა. ყველა ოსტატს თავისი ხელწერა აქვს, თავისი სტილი კეთებისა და  თავისი ხელობის ამ პატარა საიდუმლოს თავისი ოჯახის ახალგაზრდა წევრებს, ან ნიჭიერ და გულმოდგინე შეგირდებს გადასცემს. ასე გადაეცემა თაობიდან თაობას და გრძელდება მეთუნეობის ტრადიცია იმერეთის ამ კუთხეში.

ალბათ ყველას გახსოვთ მშვენიერი სიტყვები კარგად ცნობილი ძველი ქართული ფილმიდან: „გესმის, ბიჭო, მღერის, თიხა მღერის“. დიახ, ათვალიერებ გზის პირას გამწკრივებულ ულამაზეს  ნაკეთობებს და მართლა გრძნობ, როგორ მღერის თიხა აქ, ამ ქვეყანაში.

მსგავსი პოსტები

თიხით მოუბარი

მოკლე დოკუმენტური ფილმი „თიხით მოუბარი“, რუსლან ღონღაძის ავტორობით, 1986 წელსაა გადაღებული. ფილმი ქართლური მეთუნეობისა და ადგილობრივი, გამორჩეული ოსტატობის მქონე მეთუნეების შესახებ მოგვითხრობს. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით,

წაკითხვა »

ქვევრის აშენება და გამოწვა

ქართული ტრადიციული ქვევრი ღვინის უნიკალური და უძველესი ჭურჭელია. არქეოლოგიური გათხრებისას თიხის კულტურა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია აღმოჩენილი. პირველი თიხის ნაკეთობები ძველი წელთაღრიცხვის VIII ათასწლეულს მიეკუთვნება

წაკითხვა »

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები

თიხის ჭურჭელი დიდხანს რომ გემსახუროთ, არსებობს გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ: ა) საკვების მომზადებისას და ბ) საკვების მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვისას და შენახვისას.

წაკითხვა »