როგორ გამოვიყენოთ თიხის ჭურჭელი – მოხმარების ინსტრუქცია

თუკი თიხის ჭურჭლის ყიდვა გადაწყვიტეთ, იქნება ეს თიხის ქოთანი, თიხის კეცი, თიხის დოქი თუ თიხისგან დამზადებული სხვა საგნები, აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, რა უნდა გააკეთოთ მოხმარების წინ, რათა თიხის ჭურჭელი დიდხანს და უსაფრთხოდ გემსახუროთ.  ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც აქამდე არ ჰქონია საქმე კერამიკის ჭურჭელთან – იქნება ის სამეურნეო თუ საოჯახო დანიშნულების ნივთები. აქ განსაკუთრებული საიდუმლო არაფერია, უბრალოდ, უნდა დავიმახსოვროთ რამდენიმე წესი, თუ როგორ გამოვიყენოთ თიხის ჭურჭელი და როგორ გავაკეთოთ კერძი თიხის ჭურჭლით აირღუმელში.

როგორ მოვამზადოთ თიხის ჭურჭელი კერძის მოსამზადებლად?

თუ თიხის ჭურჭელი მოუჭიქავია, გამოყენების წინ ასეთი ჭურჭელი საჭიროა ცივ, გამდინარე წყალში გარეცხოთ და შემდეგ ისევ ცივ წყალში გააჩეროთ, დაახლოებით 15 წუთი. წყალმა თიხის ნაკეთობა მთლიანად უნდა დაფაროს. თიხა კარგად ისრუტავს წყალს და კერძი, რომელსაც ასეთ ჭურჭელში მოამზადებთ, ძალიან წვნიანი და გემრიელი გამოვა.
ცეცხლგამძლეობის ასამაღლებლად კი შეიძლება, თიხის ქოთანი მოათავსოთ ცივ აირღუმელში, რომელსაც შემდეგ გააცხელებთ 200-230 გრადუსამდე.

გახსოვდეთ, რომ თიხის ჭურჭელი არ უნდა დადგათ გაზქურის „კამფორაზე“ სითბოს გამანაწილებლის გარეშე.

მოჭიქული თიხის ჭურჭელი გამოყენების წინ წყალში ჩალბობას არ საჭიროებს. საკვების მომზადების წინ, უბრალოდ, გარეცხეთ რბილი სარეცხი ღრუბლით და ჭურჭლის სარეცხი ნებისმიერი სითხით.

რატომ სჭირდება მოუჭიქავ თიხის ჭურჭელს გამოყენებამდე წყალში დაყოვნება?

თიხის დამუშავების და გამოწვის შემდეგა მასალაში რჩება ბუნებრივი მიკრო-ფორები, რომლებიც ჩალბობის დროს გაიჟღინთება წყლით. ჭურჭლის აირღუმელში შედგმის და გახურების შემდეგ კი წყალი ორთქლდება, რითაც კერძი გაცილებით წვნიანი და რბილი გამოდის.

ხოლო როცა თიხის ჭურჭელი მოჭიქულია,  ჭიქური ანუ თხელი, მინისმაგვარი შრე ფარავს თიხას და შესაბამისად –  ვეღარ შეისრუტავს წყალს. ამიტომ ამ შემთხვევაში წყალში ჩატოვება აზრს კარგავს.

რომელი კერძის მომზადება შეიძლება თიხის ჭურჭელში?

თიხის ფოროვანი ზედაპირის დამსახურებით, თიხის ქოთანში მომზადებული ხორცი და ბოსტნეული საოცრად არომატული, წვნიანი და რბილი გამოდის.

თიხის ქოთანში, თქვენ წარმოიდგინეთ, ფაფებიც მზადდება და გაცილებით გემრიელად იხარშება, ვიდრე სხვა მასალის ქვაბებში.

უგემრიელესი გამოდის ბრინჯის სხვადასხვა სახეობის ფლავი.  შეგიძლიათ, სცადოთ როგორც ტკბილი ფლავის მომზადება სხვადასხვა ხილით, ასევე უზბეკური ფლავი ქათმის, საქონლის ან ცხვრის ხორცით. თიხის ჭურჭელი განსაკუთრებულ არომატს აძლევს სუნელებს. ფლავი გამოდის ფანტია და ხორციც პირში დნება.

როგორ შევარჩიოთ თიხის ჭურჭელი?

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თიხის ჭურჭლის ყიდვის დროს?

შერჩევის დროს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმას, თუ რისთვის ვაპირებთ თიხის ჭურჭლის გამოყენებას:

  • ზომა. თიხის ჭურჭელი უნდა შეარჩიოთ ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, ვისთვისაც აპირებთ კერძის მომზადებას. რაც უფრო დიდი ოჯახი გაქვთ, შესაბამისად, ჭურჭელიც უფრო დიდი მოცულობის დაგჭირდებათ.
  • მოჭიქვა. მოჭიქული თიხის ჭურჭელი თუ მოუჭიქავი? ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევანია. მოუჭიქავი ჭურჭლის გამოყენება უფრო მეტ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, თუმცა, სამაგიეროდ იღებთ განსაკუთრებულ არომატსა და გემოს. მოჭიქული ჭურჭელი ფერადოვნებითა და მბრწყინავი ზედაპირით გამოირჩევა, უფრო მარტივია მოხმარებაშიც, მაგრამ ჭიქურის მინისებრი ფენის გამო ჭურჭელი სრულიად ინერტულია და მოკლებულია მოუჭიქავი ზედაპირისთვის დამახასიათებელ გემოსა და არომატს.
  • კერძები. თქვენ არჩევანს ასევე განაპირობებს კერძები, რომელთა მომზადებასაც თიხის ჭურჭელში გეგმავთ. მაგალითად, თუ ლობიოსა და ხორცის კერძებს უფრო ხშირად ამზადებთ, პირველ რიგში, თიხის ქოთანი დაგჭირდებათ. თუ მჭადის, თევზის, ან სოკოს მოყვარული ხართ, თქვენს სამზარეულოში კეცი აუცილებლად უნდა მოიძებნებოდეს. მოკლედ, შეარჩიეთ თიხის ჭურჭელი იმის მიხედვით, თუ რომელი კერძის მომზადება მოგიწევთ უფრო ხშირად.

რა უნდა გაითვალისწინოთ თიხის ჭურჭლის მოხმარების დროს?

  • უნდა იცოდეთ, რომ თიხის ჭურჭელს არ უყვარს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. ამიტომ თიხის ჭურჭელი არ უნდა შედგათ უკვე გაცხელებულ ღუმელში ან ბუხარში; გაზქურაზე უნდა გამოიყენოთ სითბოს გამანაწილებელი.
  • თიხის ჭურჭელი უნდა გარეცხოთ რბილი ღრუბლით, რადგან, მაგალითად, ხაოიანი ან რკინის ღრუბელი თიხის ჭურჭელზე ნაკაწრებს დატოვებს;
  • თიხის ჭურჭელს უნდა ჰქონდეს კარგად მორგებული თავსახური, რომელიც მყარად დაეხურება;

რას ნიშნავს უხარისხო თიხის ჭურჭელი?

ზოგჯერ დიასახლისები, ეკონომიის მიზნით, დაბალფასიანი კერამიკული ჭურჭლის ყიდვას ამჯობინებენ. ასეთი ჭურჭელი კი ან დაბალი ხარისხის ჭიქურით არის დაფარული ან არ არის დამზადებული ტექნოლოგიის სრული დაცვით.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უნდა იცოდეთ, რომ:

ა) როდესაც თიხის ნაკეთობა ცუდი ხარისხის ჭიქურით არის დაფარული, იგი გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც საჭმელს ერევა და ბ) როდესაც თიხის ჭურჭელი არ არის დამზადებული ტექნოლოგიის სრული დაცვით, ასეთი მასალა ვერ უძლებს აირღუმელის მხურვალებას და შეიძლება გაიბზაროს ან გასკდეს კერძის მომზადების პროცესში.

ამიტომ, თუკი თიხის ჭურჭლის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, ისარგებლეთ მაღალი ხარისხის ნაკეთობებით, შეიძინეთ სანდო, გამოცდილი ოსტატის ნახელავი, რომელთა მოხმარებისას გარანტირებული გექნებათ ხარისხი და უსაფრთხოება.

ჯანმრთელობას და ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!

მსგავსი პოსტები

თიხით მოუბარი

მოკლე დოკუმენტური ფილმი „თიხით მოუბარი“, რუსლან ღონღაძის ავტორობით, 1986 წელსაა გადაღებული. ფილმი ქართლური მეთუნეობისა და ადგილობრივი, გამორჩეული ოსტატობის მქონე მეთუნეების შესახებ მოგვითხრობს. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით,

წაკითხვა »

ქვევრის აშენება და გამოწვა

ქართული ტრადიციული ქვევრი ღვინის უნიკალური და უძველესი ჭურჭელია. არქეოლოგიური გათხრებისას თიხის კულტურა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია აღმოჩენილი. პირველი თიხის ნაკეთობები ძველი წელთაღრიცხვის VIII ათასწლეულს მიეკუთვნება

წაკითხვა »

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები

თიხის ჭურჭელი დიდხანს რომ გემსახუროთ, არსებობს გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ: ა) საკვების მომზადებისას და ბ) საკვების მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვისას და შენახვისას.

წაკითხვა »