რატომ არის თიხის ჭურჭელი სასარგებლო?

ხშირად ხდება, რომ ადამიანები ზრუნავენ ჯანსაღ კვებაზე, ცდილობენ, შეიძინონ მაქსიმალურად ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, ტკბილეული, ბოსტნეული, თუ სხვა საკვები, მაგრამ  ავიწყდებათ, რომ ჯანსაღად კვებისთვის ასევე საყურადღებოა ის ნივთები და ჭურჭელი, რომელსაც მოსამზადებლად ვიყენებთ. როგორი სუფთაც არ უნდა იყოს ბოსტნეული, თუ მას დაბალი ხარისხის მეტალის ან პლასტიკის ჭურჭელში მოვამზადებთ და მივირთმევთ, ის მაინც საფრთხის შემცველი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი დამზადებული იყოს ისეთი ბუნებრივი მასალისგან, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და გახურებისას თუ სხვადასხვა მჟავებისა და ცხიმების ზემოქმედებისას არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.

თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებისა და  ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, ალბათ გსმენიათ. ასეთი აზრიც კი არსებობს, რომ თიხას მაგიური ძალა აქვს, ათავისუფლებს ნეგატივისგან და ადამიანებისთვის პოზიტიური განწყობა მოაქვს. ეს, რა თქმა უნდა, დამტკიცებული ჰიპოთეზა არ გახლავთ, მაგრამ ამავე დროს იმასაც ვერავინ უარყოფს, რომ თიხის ჭურჭელში საკვები გაცილებით გემრიელი, არომატული და ჯანსაღი მზადდება, ხოლო პროდუქტები – საკმაოდ დიდხანს ინახება. გაინტერესებთ, რატომ ხდება ასე?

თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებს, უპირველესად, განაპირობებს ის, რომ დამზადებულია ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო ბუნებრივი მასალით.

დედამიწა ადამიანს აძლევს არა მარტო წყალს და საკვებს, არამედ ამ საკვების შესანახ საშუალებასაც. თიხის დამუშავებისა და გამოწვის საიდუმლო ადამიანებმა ცივილიზაციის ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და მას შემდეგ, აქტიურად იყენებენ ჭურჭლისა თუ სხვა სამეურნეო ნივთების დასამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ათასწლეულებმა განვლო და დღეს ჭურჭელი უამრავი სხვადასხვა მეტალისა თუ შენადნობისგანაც მზადდება, თიხა მაინც ინარჩუნებს თავის ფუნქციასა და ფასეულობას – გვჩუქნის ყველაზე ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელს ჩვენი სამზარეულოსა თუ მარნისთვის.

თიხის ქოთანი ლობიოსთვის

ტრადიციული, სქელკედლებიანი თიხის ჭურჭელი გაცილებით მეტი სასარგებლო თვისების მატარებელია, ვიდრე ფაიფური და ფაიანსი.

თიხის ჭურჭლის უპირატესობები

  • თიხის ჭურჭლის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი სქელი კედლები ნელ-ნელა, თანაბრად ცხელდება და იდეალურად ანაწილებს სიმხურვალეს. ამ თვისების გამო თიხის ქოთანში კერძი არა მხოლოდ იხარშება, არამედ –  ითუშება და ინარჩუნებს ყველა ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას. ასევე, იდეალურია ისეთი კერძისთვის, რომელიც ხანგრძლივ და დელიკატურ მომზადებას მოითხოვს – მაგალითად, ლობიო, ჩანახი, ოსტრი, ჩაშუშული, ხორცისა და ბოსტნეულის სხვა კერძები;
  • წითელი თიხის უნიკალური სტრუქტურის დამსახურებით, თიხის ჭურჭელში საკვების მომზადებისთვის არ გჭირდებათ ცხიმის დამატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი მომზადებული კერძი იქნება უფრო ჯანსაღი და დიეტური;
  • ბუნებრივი თიხა გახურებისას არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.

თიხის ჭურჭელი კარგად ინახავს პროდუქტებს

  • თიხის ქოთანში რძე 3-4 დღე არ ამჟავდება, ხოლო თიხის ქილებსა და თიხის დერგში (დიდი ზომის თიხის ქილა, რომელშიც ყველს, მარცვლეულს, მწნილეულს ინახავენ) მურაბა და მწნილი თავდაუხურავად შენახულიც კი არ მოიკიდებს ობს;
  • სხვათა შორის, თიხა თაფლის შესანახად საჭირო ყველა კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს;
  • თიხის დოქში ჩასხმული ცივი სასმელი ასევე ცივად შეინახება მზეშიც რომ დადგათ; ხოლო ჩაი და ყავა თიხის ჭიქაში სითბოს ხანგრძლივად „დაიჭერს“ – გაცილებით დიდხანს, ვიდრე ფაიფურის ან თეთრი კერამიკის შემთხვევაში.

 

რომ შევაჯამოთ, თიხა ბუნების ნამდვილი საჩუქარია, რომელსაც დაფასება და მოფრთხილება სჭირდება. ის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა, განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს კერძებს, ლამაზად გამოიყურება და ამასთან, სულ სხვა ხიბლს მატებს სამზარეულოს – ის ნაყოფია დახვეწილი კულტურისა და ტრადიციისა, რომელიც საქართველოში ათასწლეულებია გრძელდება.

მსგავსი პოსტები

თიხით მოუბარი

მოკლე დოკუმენტური ფილმი „თიხით მოუბარი“, რუსლან ღონღაძის ავტორობით, 1986 წელსაა გადაღებული. ფილმი ქართლური მეთუნეობისა და ადგილობრივი, გამორჩეული ოსტატობის მქონე მეთუნეების შესახებ მოგვითხრობს. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით,

წაკითხვა »

ქვევრის აშენება და გამოწვა

ქართული ტრადიციული ქვევრი ღვინის უნიკალური და უძველესი ჭურჭელია. არქეოლოგიური გათხრებისას თიხის კულტურა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია აღმოჩენილი. პირველი თიხის ნაკეთობები ძველი წელთაღრიცხვის VIII ათასწლეულს მიეკუთვნება

წაკითხვა »

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები

თიხის ჭურჭელი დიდხანს რომ გემსახუროთ, არსებობს გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ: ა) საკვების მომზადებისას და ბ) საკვების მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვისას და შენახვისას.

წაკითხვა »