მოკლე დოკუმენტური ფილმი „თიხით მოუბარი“, რუსლან ღონღაძის ავტორობით, 1986 წელსაა გადაღებული. ფილმი ქართლური მეთუნეობისა და ადგილობრივი, გამორჩეული ოსტატობის მქონე მეთუნეების შესახებ მოგვითხრობს. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ქართლში თიხის ნაკეთობების მოჭიქურება ოდითგანვე იყო გავრცელებული, რაც აქაურ ნამუშევრებს გამორჩეულ სილამაზესა და ელვარებას ანიჭებდა.
„ქართლში საჭურჭლე თიხა ბევრგან მოიძებნება, მაგრამ ჩვენებურ ქაშანურს გამორჩეული, განსაკუთრებული შემადგენლობის მიწა სჭირდება. თავისებური ფერი უნდა დაჰკრავდეს და გემოცა. ჩვენს ნახელავს იმთავითვე აფასებდა ოჯახის დიასახლისი, სტუმარი და მასპინძელი. კოხტად ამოყვანილი ჭურჭელი მშვენება გახლდათ მამაპაპური სახლ-კარისა. აბა, რა ჩამოთვლის ქართველი კაცის მეურნეობაში დასაქმებულ თიხასა: პურის ცხობისთვინა თონე, კერძისთვინა ქოთანი, შეჭამანდისთვინა ჯამი, კარაქისთვინა სადღვებელი, ყველისა და მწნილისთვინა დერგი, მაწვნისთვინა ქილა, ღვინისთვინა ქვევრი, დოქი, მარანი, ჭინჭილა და კიდევ მრავალი. ჩვენში თიხის კულტურა ხომ უხსოვარი დროიდან იღებს სათავესა და ჩემს წინაპარ ხელოსანსა იმთავითვე უფიქრია, თუ რა შინაარსის ჭურჭელსა როგორ ფერი და აღნაგობა მოუხდებოდა.
ამას წინათ, შარშან თუ შარშანწინ, კარგად არ მახსოვს, ხევში მიწას ვარჩევდი. ერთი ალაგი მომეწონა და შევუდექ ჭრასა. ვხედავ, ბარს გამომწვარი თიხის ნატეხი ამოჰყვა. ვამჩნევ, რომ ძველთაძველი ნახელავია და კიდევ ერთხელ დამაფიქრა ჩემი წინაპრის გონებამ და მარჯვენამა, ეჰ, რა გემოვნება, მშვენიერების ნიჭი გააჩნდა იმ ჩემს დალოცვილ წინაპარსა.
სულ ადრე, ჩემი ყრმობიდანა მახსოვს, სანამ თიხას შეავლებდნენ ხელსა, ჯერა აპკურებდნენ წმინდა წყალსა, დალოცავდნენ, და ეგრე დააბინავებდნენ ჭერქვეშა. ჯერა ოჯახს შეაჩვევდნენ, გააშინაურებდნენ, მერე შეუდგებოდნენ დალბობა-დამუშავებასა.
ჯეელობიდან მახსოვს, ჩვენი გორი და ახალქალაქი სავსე იყო ოსტატებითა. იქვე, თავ-თავიანთი დუქნები ჰქონდათ გახსნილი და იყო ერთი გაცხოველებული მუშაობა. მეც, ყმაწვილი, შეგირდად დავუდექ აქაურ ოსტატსა. მახსოვს, მისვლისთანავე, რამდენი რასმე ვკითხავდი ოსტატსა, ის მუდმივ ხელებზე მიმითითებდა. ჭეშმარიტად ეგრეა – თუ შენი მარჯვენით შიგნიდანა ვერა გრძნობ, ვერცა მტკაველით გაზომავ, ვერცა ადლითა. ამიტომაც შეგირდებს მალე უღებდნენ ალღოსა და ვინც ვერ ივარგებდა, აღარ აკარებდნენ თიხასა.“
“საქართველოს თითოეულ კუთხესა თავისთვის დამახასიათებელი ჭურჭელი გააჩნია. კახურს, იმერულს, მეგრულს თუ რაჭულ ნახელავსა, თუმცაღა, როგორც დედმამიშვილებს, იერი ერთი აქვთ, მაგრამ თიხის ფერითა, მოყვანილობით და რაღაც ნიშატითა მაინც განსხვავდებიან ერთი მეორისაგან. აბა, ძალიანაც რომ მთხოვონ იმერული კოპწია დოქის ამოყვანა, განა ვერ მივამსგავსებ, მაგრამ უსათუოდ გამიჭირდება. ამიტომაცა, იმერული დოქი იმერელმა ამოიყვანოს, ქართლური კიდევ ქართლელმა.“
„მეც ხშირად მეკითხებიან, ალექსანდრე სულთანიშვილო, კიდევ დიდხანს აპირებ მაგ შენი ხელობის წვალებასა? ვერა ხედავ რა ნაირ-ნაირ ჯამ-ჭურჭელს ამზადებენ ახალი ქარხნები, აბა, შენს საქონელს ვინღა შეხედავს, ოჯახში ვინღა დაიდგამს?! როგორ გეკადრებათ! გავკადნიერდები და ვიტყვი: ჩემისთანა ნახელავს რომელიმე ქარხანა დაამზადებს განა?! ან იმ ოსტატების ნაკეთობას რომელიმე დაზგა ჩამოასხამს?! ან რომელი მხატვარი გადმოხატავს?! მათ ნახელავში ხომ ის ძირძველი ტრადიციის საიდუმლო განძი ინახება. სწორედ ეგ აკნინებს ჩვენს მამაპაპურ ხელობასა – შეგირდობის სკოლა ნელდება და ქრება თანდათანა. აი, ამ ამბავსა, ამ საქმესა უნდა სწორედ მიყოლა და შველა. ახალი თაობა, ახლაგაზრდობა უნდა ჩაებას ჩვენს ძველ ხელობაში, რათა არ გაწყდეს ჯაჭვი კეთილი ტრადიციისა.“